ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ანტიდასავლურ და ამერიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში უპრეცენდენტოდ ღია და აგრესიული ანტიდასავლური, მათ შორის, ანტიამერიკული კამპანია აწარმოეს.
მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომ პარალელურად, ამ პროცესში იგივე ადამიანები აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ.
„ეს არის დიდი მავნებლობა საქართველოსა და მისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და მის ელჩს თავს ესხმი.
როცა ხან ომში ჩათრევის მცდელობას აბრალებ, ხან სხვა დივერსიებს და ამავე დროს ეს ყველაფერი რუსული პრესის ფურცლებზეა გამოტანილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ საქებარი სიტყვებით, ეს ძალიან მძიმე და მავნებლური საქციელია“ - თქვა გიგი წერეთელმა.