მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივის ცენტრზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, დაღუპულია 7 ადამიანი. ქალაქში 19, 20 და 21 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის ექვსი წლის გოგონა, დედა კი საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
"მტერმა დაარტყა ჩერნიჰივის ცენტრს. სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით," - განაცხადა ჩერნიჰივის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.
ჩერნიჰივი კიევიდან ჩრდილოეთით 140 კმ-ში, ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ჩერნიჰივის დრამატული თეატრის შენობა, სადაც მიმდინარეობდა დრონების მწარმოებელთა გამოფენა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა:
„რუსული რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრს. ჩვენს ჩერნიჰივს. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია, არიან დაღუპულები, დაჭრილები. ჩემი თანაგრძნობა მათ, ვინც ახლობლები დაკარგა... ყველა სამსახური ადგილზე მუშაობს: მაშველები, პოლიცია, ექიმები. ყველა ვინც გვჭირდება“.