საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება მხოლოდ ურეიტინგო ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე რამენაირ არსებობას, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, არასოდეს ვუწყობდით ხელს და არც მომავალში შევუწყობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„საჭირო თუ გახდება, პროკურატურაც და ყველა საგამოძიებო სტრუქტურა ჩაერთვება. თუკი შედეგი დადგება იმგვარი, რომ საზოგადოებისთვისაც დარჩება შეკითხვები, აი, შემდეგ შეიძლება, ვიმსჯელოთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. როგორ წარმოგიდგენიათ გამოძიების პროცესში მყოფი გამომძიებლების დაბარება, მოწმეების დაბარება, მათ წინაშე პოლიტიკური კონცერტებისა და კორდებალეტების მოწყობა, ეს პროცესს ხელს შეუწყობს თუ შეუშლის? ეს არ ემსახურება არც ჭირისუფლის ინტერესს, არც ყველა იმ გულწრფელი ადამიანის ინტერესს, რომელიც მართლაც თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და, ზოგადად, თანაუგრძნობს მთელ საქართველოს ასეთი მძიმე დღეებისას. ეს ემსახურება ინტერესს მხოლოდ იმ ხელმოცარული პოლიტიკოსებისას, რომელთაც არ აქვთ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, არც არასდროს ჰქონდათ და მოჩანს, რომ მომავალშიც არ ექნებათ, და ამიტომაც ცდილობენ, რამენაირად შექმნან ნეგატიური დღის წესრიგი, ამ ნეგატიურ დღის წესრიგზე იტივტივონ ერთ ხანს, ვიდრე არ გამოეცლებათ ეს ხელიდან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.