მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი, დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი, მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვილთან ერთად, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. ეს მინდა, აუცილებლად გითხრათ. რაც შეეხება შეკითხვებს, პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები, აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამაზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე გავიმეორებ, რომ პირადად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა.
პირველ რიგში, სინანული, მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე, რაც მან თქვა, რაც არის დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი, მან განმარტა თავისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი, მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად. ერთი ფოტოდან მიღებული აღქმა არის სრულიად სხვა. რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მიშა სარჯველაძეს ასეთი ინფორმაციის მიღების საშუალება, რაც მე მივიღე დღეს და დარწმუნებული ვარ, მისი დამოკიდებულებაც, ბუნებრივია, იქნება ანალოგიური. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთი შეხედვით რაც ჩანდა წარმოუდგენელი, ამ ადამიანმა, ახალგაზრდა კაცმა თავის თავს აჯობა, ისეთი რამ აქვს გაკეთებული, ეს არის მართლა ნამდვილი გმირობა, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის ცხადი“, – განაცხადა კობახიძემ.