საგამოძიებო კომისიასთან ერთად, ჩვენ როგორც დავპირდით მოსახლეობას, გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს სიმართლის დასადგენად, ამიტომ ინტერპელაციის წესით ვიბარებთ შს მინისტრს, რომელიც ვალდებულია გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც აქვს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც გადაურჩნენ შოვში მომხდარ ტრაგედიას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, სიმართლე უნდა დადგინდეს მალე, რადგან ეს აუცილებელია საზოგადოებისთვის და მათ შორის გადარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს ხელისუფლება თავდასხმის სამიზნედ ირჩევს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შოვში მომხდარი ტრაგედიის შესწავლის მიზნით, მაშინ, როდესაც ნულოვანია საზოგადოებრივი ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მაშინ, როცა ხელისუფლება მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა საქმეებზე მუდმივად აცხადებდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ სიმართლე უნდა დადგინდეს მალე. ეს აუცილებელია საზოგადოებისთვის და მათ შორის გადარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავდასხმის სამიზნედ ირჩევს დღეს ხელისუფლება.
ჩვენ ავამოქმედეთ კიდევ ერთი საპარლამენტო ინსტრუმენტი, რომელიც რეგლამენტით და კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული, ეს არის ინტერპელაციის წესი და ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსვლას საქართველოს პარლამენტში.
ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც შესაბამისად ვალდებულია გადასცეს აღნიშნული კითხვები უწყებას. კონკრეტული კითხვები მდგომარეობს შემდეგში: - რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის თავად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური? რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი. ვიცით, რომ შსს-ში შედის ის კონკრეტული სამსახური, რომელსაც ევალება სამძებრო-სამუშაოების განხორციელება, რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების დახმარება, როდესაც არსებობს ასეთი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. მონაწილეობდა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავად შს მინისტრი და მისი უწყება და რა გახდა საფუძველი, რატომ ჩათვალეს, რომ წარმატებით მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და არ იყო მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო.
ასევე ბატონმა გომელაურმა საზოგადოების წინაშე უნდა უპასუხოს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა, რადგან თვითმხილველების განცხადებებით დასტურდება ის, რომ მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ მრავალი საათის და მრავალი დღის განმავლობაში, არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობა, რაც დაუშვებელია და გვაინტერესებს რა გახდა ამის მიზეზი მაშინ, როდესაც კორუფციაშია ჩაფლული სახელმწიფოს ყველა უწყება და უამრავი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი სიკეთე არ მოაქვს და ბოლო კითხვა, რომელსაც ასევე ბატონმა გომელაურმა უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ აშშ-სგან ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე. იცით, რომ ეს არის კონკრეტულად გაწერილი საქართველოს ბიუჯეტში, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ეს შემოთავაზება ჰქონდა, რომ გრანტის წესით მიეღო სამაშველო ვერტმფრენები, მაგრამ ხელისუფლებამ თქვა უარი აღნიშნულ ვერტმფრენებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.