პირველი უცხოური გრანდი ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან ითამაშებს, – ამის შესახებ ნატქვამია „ფონდი არველაძის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შოთა არველაძისა და ჩვენი ფონდის ინიციატივით, საქართველოში საფეხბურთო პროექტი „ლეგენდების ტური“ დაიწყება. პირველი უცხოური გრანდი ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან ითამაშებს.
გვინდა, რომ პირველი მატჩი ერთ-ერთ რეგიონში ჩავატაროთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და მატჩის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – წერია „ფონდი არველაძის“ განცხადებაში.
შოთა არველაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც ახალი პროექტის დაწყების შესახებ ისაუბრა.
„გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში, სეზონში მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.
რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება”, – წერდა შოთა არველაძე.