"ქრისტიან-დემოკრატები" ფანასკერტელის ქუჩიდან კომპანია "ბილაინის" ანძისა და ქვესადგურის გადატანას მოითხოვენ.
როგორც თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ანძა და ქვესადგური საფრთხეს უქმნის ირგვლივ მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.
ზაზა გაბუნიას თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" კომპანია "ბილაინს" სთავაზობენ შეიქმნას საკრებულოს, მერიისა და საკუთრივ კომპანიის თანამონაწილეობით სპეციალური ჯგუფი ქვესადგურისა და ანძისათვის ალტერნატიული ადგილის მოძიების მიზნით.
"ამ გზით თავად კომპანია შეძლებს დაბრკოლების გარეშე გააგრძელოს მუშაობა და რაც მთავარია, თავიდან ავიცილებთ რეალურ საფრთხეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ემუქრება", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, დღესვე სპეციალური წერილი გაუგზავნა კომპანია "ბილაინის" გენერალურ დირექტორს ანდრეი პიატახინს, სადაც საკრებულოს დეპუტატი პრობლემის მოგვარებისთვის კომპანიას თანამშრომლობას სთავაზობს.
"ბილაინის" ანძისა და ქვესადგურის გადატანის თხოვნით "ქრისტიან-დემოკრატებს" ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს.