„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე. მისი თქმით, ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს.
„ეს ყველაფერი არის ბუნებრივია, ცარიელი სპეკულაციები. თქვენ იცით, რომ სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული. მათ შორის, სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო. საერთოდ უადგილოა ამაზე საუბარი, მხოლოდ ასეთმა ე.წ. ექსპერტებმა შეიძლება განავითარონ ასეთი აზრები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.