„უკრაინას სჭირდება Taurus ტიპის რაკეტები, რათა გადაარჩინოს მეტი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, დააჩქაროს თავისი ტერიტორიების გათავისუფლება და სწრაფად დაასრულოს ომი“, - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა Bild-თან ინტერვიუში. „ფორმულა მარტივია: რაც უფრო დიდია რაკეტების მანძილი, მით უფრო მოკლეა ომის ხანგრძლივობა“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, აღნიშნული რაკეტების დახმარებით, უკრაინას შეუძლია მიწვდეს საოკუპაციო ძალებს უკრაინის მიწაზე ფრონტის ხაზიდან შორს, გაანადგუროს მათი ლოჯისტიკა, სამეთაურო ცენტრები, საწყობები და საბრძოლო მასალა.
კულებას თქმით, შიში, რომ უკრაინამ, შესაძლოა, Taurus-ის ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, უსაფუძვლოა.
„ჩვენ გამოვიყენებთ რაკეტებს მხოლოდ ჩვენი საზღვრების ფარგლებში, რათა გავათავისუფლოთ ის, რაც სამართლიანად ჩვენ გვეკუთვნის“, - განაცხადა კულებამ და აღნიშნა, რომ გერმანიის არც ერთი წინა გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის ახალი სახეობის გადაცემის შესახებ არ გამოუწვევია კონფლიქტის ესკალაცია. „პირიქით: გერმანულმა შეიარაღებამ უკვე გადაარჩინა ბევრი უკრაინული სიცოცხლე“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.