უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინამ გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უკვე 13 ქვეყანა შეუერთდა.
„ნამდვილად, ჩვენი ამერიკელი კოლეგების შემდეგ, კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან დიდი ბრიტანეთიდან დავიწყეთ. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორია საკვანძო დახმარების მხრივ“, – განაცხადა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, მათი მიზანია წლის ბოლომდე ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიებს“ უზრუნველყოფენ.
3 აგვისტოს უკრაინამ დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებაზე.
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ჩარჩო ხელშეკრულება ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, „დიდი შვიდეულის“ წევრებმა შეათანხმეს.