რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიის ფონზე რიკოთთან დაკავშირებული საკითხების წამოწევა და რაღაც პარალელების გავლება, არის აბსოლუტურად უადგილო და უსაფუძვლო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რიკოთის მონაკვეთი, რომელიც შედგება ოთხი მონაკვეთისგან, ჯამში არის 52 კილომეტრამდე გზა. 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია, აქედან 12 გვირაბითა და 22 ხიდით დაახლოებით რვა თვეა, ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86 პროცენტი. გამორჩეულად დაწინაურებულია ორი მთავარი მონაკვეთი, რომელიც ხევიდან ზესტაფონამდეა. შესაბამისად, პროგრესები აქ არის 90 და 96 პროცენტი. ანუ ეს არის ის ორი მონაკვეთი, რომელთა გახსნაც დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე ბუნებრივია, გრძელდება სამუშაოები, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
რიკოთი არ არის დაკეტილი, მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზი არის შემდეგი. 149-ე კილომეტრზე არსებული ძველი გზიდან დაახლოებით 200 მეტრში აღმოჩენილ იქნა პოტენციური მეწყერის კერა, რომლის ანალიზიც და შესწავლაც გააკეთეს სპეციალისტებმა და მიიჩნევა მომეტებული საფრთხის მქონედ. მყისიერად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით, გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი, ასევე მოეწყო შესაბამისი კედელი. ამ პირობებში ჩვენ შეგვეძლო შესაბამისი სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომ შესაბამისი პრევენცია პოტენციურად გააქტიურების პირობებში იქნებოდა შესაძლებელი და ამ პირობებშიც კი, გადაადგილება დარჩებოდა და დღესაც რჩება აბსოლუტურად უსაფრთხო. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ რიკოთის 149-ზე კილომეტრზე მეწყერი არ განვითარებულა.
უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად უზრუნველყო, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო შესაძლო რისკი, შესაბამისად, გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. როგორც ვრცელდებოდა გუშინ, 19:00 საათამდე, ეს არ არის სიმართლე, არამედ არის 06:00 საათიდან 21:00 საათამდე, შემდგომ უკვე 22:00 საათიდან 05:00 საათამდე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. ეს არის მაგალითი, რაც საპირისპიროა იმ ბრალდების, თითქოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია, მართოს პროცესები და კომპეტენციის პრობლემაა. კეთდებოდა მსგავსი შეფასებები, რომლებიც ელემენტარულად არის უსაფუძვლო და არის ცილისმწამებლურიც. ეს არის ის მაგალითი, როდესაც დეპარტამენტმა სწორედ წინმსწრებად, ვიდრე განვითარდებოდა, მიიღო შესაბამისი ადეკვატური ზომები, რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტური, რომ ძალიან მალე მოხდა სპეციალური რეჟიმით რიკოთის მონაკვეთის გახსნა და დღესაც ამ რეჟიმით ვსარგებლობთ. დღეს უკვე შემსუბუქებული რეჟიმით ვმოქმედებთ. ამდაგვარი მიდგომა გაგრძელდება და შეიძლება, გამოიწვიოს კიდევ უფრო შემსუბუქება, ან საერთოდ ამ რეჟიმის მოხსნა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ შეფასებებზე, რომლებიც სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ იქნება განხორციელებული.
რეალურად, ძალიან მძიმე ვითარებაა. ამ ვითარებაში ხელოვნური დაძაბულობა, საზოგადოების დაშინება, არის დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება იყოს მშვიდად, გამომდინარე იმ ნამდვილი რეალობიდან, რაც რიკოთზე არსებობს. რიკოთი დღესაც არის უსაფრთხო. რიკოთი შენდება ისეთი პროექტით და ყველა მაღალი დონის სპეციალისტის იმდაგვარი ჩართულობით, რომ რიკოთი იქნება ასევე უსაფრთხო გზა. მოსახლეობას ვარწმუნებთ, რომ მათი დაშინების მთელი ეს კამპანიური, პოლიტიკური მცდელობა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარეალური“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.