ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი.
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ შემდეგი განმარტებები:
საქართველო აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა (თუ საუკეთესო არა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასე მაგალითად, გამოვლენილი აივ ინფიცირებულთა 86%-ზე მეტი სტაბილურად იღებს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და მათი 92%-ზე მეტში მიღწეულია ვირუსის სუპრესია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, გარანტირებული აქვთ ცხოვრების კარგი ხარისხი და რაც მთავარია ისინი პრაქტიკულად არ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს. ასეთი პაციენტები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.
საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია კეთილსაიმედო ეპიდსიტუაციის შენარჩუნების კუთხით. 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშადნელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია სულ 6%-ით. ამასთან, მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19 პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ჩვენ ვმუშაობთ მიგრანტებთან, რომ ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში. შედეგიც კარგი გვაქვს. ბოლო 18 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 214 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 91 მოქალაქეს და უკრაინის 74 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს მედიკამენტები უფასოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ზემოთაღნიშნული უკრაინის მოქალაქეებიდან 20 პირისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარდა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება არის სრულიად უფასო.
აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ სრულფასოვან განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა 1500-ზე მეტმა მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა აივ-ით დაინფიცირება. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა აგრეთვე უცხოეთის 292 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 253 მოქალაქეს.
ასე, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები , კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.