წულუკიანის პოლიტიკა არის წმინდა დესტრუქცია, ნგრევა, განადგურება, ის ყველა სფეროში ცდილობს მისდამი და პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით დანიშნოს ადამიანები და ძირი გამოუთხაროს ყველაფერს, რაც კულტურულად ღირებულია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პოეტი პაატა შამუგია.
პაატა შამუგია ეხმიანება მწერალთა სახლის დორექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას.
„მწერალთა სახლი წლების განმავლობაში იყო ის ადგილი, სადაც განსხვავებული შეხედულებებისა და პოლიტიკური გემოვნების მწერლები თავს გრძნობდნენ თავისუფლად. მაგრამ ეს არაა მთავარი. მწერალთა სახლის პროექტები (შინ თუ გარეთ) იყო პროფესიონალიზმისა და მაღალი კომპეტენციის ნიმუში. ამ ხალხმა ნულიდან შექმნა ორგანიზაცია, რომელმაც ქართული სამწერლო პროცესი გააძლიერა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ გაიტანა ჩვენი მწერლობა (ძველებიც, ახლებიც, კლასიკოსებიც, დებიუტანტებიც. ჩამოთვლას აზრიც არ აქვს, უამრავია). ეს ყველაფერი ნატაშა ლომოურის და მწერალთა სახლის ყველა თანამშრომლის დამსახურებაა.
ასე რომ, გოგო-ბიჭებო, დიდი მადლობა დაუღალავი შრომისთვის მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia
რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, წულუკიანის პოლიტიკა არის წმინდა დესტრუქცია, ნგრევა, განადგურება. არც ისაა საიდუმლო, რომ ის ყველა სფეროში ცდილობს არა პროფესიული, არამედ პერსონალურად მისდამი და პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით დანიშნოს ადამიანები და ძირი გამოუთხაროს ყველაფერს, რაც კულტურულად ღირებული და მნიშვნელოვანია - გელათის გაჩანაგებიდან დაწყებული მუზეუმით, კინოთი და მწერლებით დამთავრებული.
არ აქვს მნიშვნელობა, ვის დანიშნავს წულუკიანი - ქეთი დუმბაძეს თუ ელისო ბოლქვაძეს - საქმე ისაა, რომ წულუკიანმა არ უნდა დანიშნოს არავინ (სულ მცირე სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის გარეშე). მას აქვს ნული ლეგიტიმაცია კულტურის სფეროში და რაც მთავარია, მას აქვს ნული კომპეტენცია.
მოკლედ, ანტიკულტურის სამინისტროს რეპრესიული პოლიტიკა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ან დასრულდება კულტურა და მერე ვიყოთ კარის პოეტ-მწერლების იმედად“, - წერს პაატა შამუგია.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრ წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.