საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეზინის ბოტების, ფორმის, სპეცაღჭურვილობის საკმარისი მარაგები აქვს, თუმცა ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც კი დღის წესრიგში დგება სარეზერვო მარაგების გამოყენება, ხდება შესყიდვების მობილიზება.
„რაც შეეხება რეზინის ბოტებს და ფორმას, ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან, ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, ნებისმიერ წუთს გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობა. ჩვენ საკმარისი გონივრული მარაგები გვაქვს საწყობებში, ეს ეხება ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეცაღჭურვილობას და ა.შ., დაწყებული მცირე ხელსაწყოთი და დამთავრებული მძიმე სპეცაღჭურვილობით, რომელიც საკმარისი რაოდენობით გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარაგებში გვაქვს.
როგორც კი დღის წესრიგში დგება ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს, რადგან, ღმერთმა დაგვიფაროს, არ ვიცით, ხვალ რა სახის ღონიძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, თუნდაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებზე ჩართულობის დროს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და მარაგების შევსებას.
მინდა, მოვუწოდო ყველას, ყველაზე მეტად კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, შემიძლია, ჩემი ტელეფონი პირდაპირ ეთერშიც დავასახელო, დაგვირეკონ, შეგვეკითხონ, დასვან კითხვა, მიიღონ პასუხები. ადამიანმა რატომ უნდა ჩათვალო, რომ არა გვაქვს, რადგან დამატებითი რეზერვების შევსებას ვიწყებთ? ეს ხომ არასერიოზული მიდგომაა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.