რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, რივნეს ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს.
რივნეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კოვალის განცხადებით, მასირებული იერიში ოკუპანტებმა დრონებით განახორციელეს.
„ღამით, რივნეს ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის ქვეშ მოექცა. სამწუხაროდ, განადგურებულია დუბენშინის ნავთობბაზა, მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე მუშაობს 45 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა. ჩართულია სახანძრო მატარებელი“, - განაცხადა კოვალიმ.
კოვალის თქმით, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია, ამიტომ მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 10 აგვისტოს ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინას კურსკის ოლქიდან ირანული უპილოტო თვითმფრინავებით შეუტიეს. თავდასხმა ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. გასულ ღამეს უკრაინაში საჰაერო განგაში ათ რეგიონში გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოგდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, ცხრა კი დაშავებულია. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში ექვსი მიმართულებით სცადეს შეტევა. საერთო ჯამში, ფრონტის ხაზზე დაფიქსირდა 30-მდე საბრძოლო შეტაკება.