უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ასევე თანამედროვე გამანადგურებლები, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა რუსი ოკუპანტების თავდასხმებისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიას „პეტრიოტის“ დამატებითი დანადგარებისათვის, თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთმა კვლავ დაარტყა ზაპოროჟიეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
„ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი ცის დამცველებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები ჰქონდეთ. ხვალ მე გავაგრძელებ ამაზე მუშაობას, მაქსიმალურად შევეცდები, რომ მივცე მათ ცის დაცვის მეტი საშუალება.
მთელს ჩვენს ტერიტორიაზე საჭიროა მნიშვნელოვნად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ვიდრე გვაქვს ახლა“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, დასძინა, რომ უკრაინა ამზადებს „მეტ კონკრეტიკას“ უკრაინელი მეომრებისთვის თანამედროვე გამანადგურებლებთან დაკავშირებით.
„ეჭვს გარეშეა, F-16-ები ჩვენს ცაზე გამოჩნდება“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
9 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებზე. დაიღუპა 2 და დაშავდა 8 ადამიანი.