„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს როგორც არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასაცილებლად, ასევე არაფერი გაუკეთებია კოდორის ხეობის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„კოდორის ხეობის ჩაბარება არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი საქმიანობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს კონტროლი კოდორის ხეობაზე. კონტროლის შენარჩუნების თვალსაზრისით, მყარი პოზიციები გვქონდა, პრაქტიკულად სოხუმის თავზე ვიყავით და იქ წარმომადგენლობით სტრატეგიულ პოზიციებს ვინარჩუნებდით. ეს იყო ჩვენი უდიდესი სტრატეგიული უპირატესობა და ეს იყო დიდი თავის ტკივილი და დისკომფორტი მტრისთვის. კოდორის ხეობაზე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, ამის გარანტი იყო როგორც ხეობის უნიკალური გეოგრაფიული მახასიათებელი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების თავდადება, გმირობა, მაგრამ ხეობის დატოვების გადაწყვეტილება და ხეობის მტრისთვის ბრძოლის გარეშე ჩაბარება იყო ღალატი, დანაშაული, საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის ნაწილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს როგორც არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასაცილებლად, რაც იყო რთული, მაგრამ სრულიად შესაძლებელი, ზუსტად ასევე არაფერი გაუკეთებია კოდორის ხეობის შესანარჩუნებლად. პირიქით, ხეობის მტრისთვის გადასაცემად ნაბიჯები უბრძოლველად გადადგა. „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლობა ომამდეც და მას შემდეგაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. სწორედ მათ გაწირეს ქვეყანა დაქუცმაცებისთვის, ოკუპაციის, სრული კრახისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.