ადრეული გაფრთხილების სისტემა ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ვერ იმუშავებდა, რადგან წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს მატება ან კლება არ დაუფიქსირებიათ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, სპეკულაციები, რომ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება,
„იაპონია, ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არიან ზენიტში, თუ რაიმე შეიძლება, ყველა ტექნიკა აქვთ და შესაბამისად ვიცით, რომ ისინი ძალიან დიდ პროცენტს ვერ იცილებენ თავიდან, ევაკუაციას ვერ ახერხებენ. ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის, ჩვენგან გაცილებით მაღალ ტექნოლოგიურ ქვეყნებში. როცა თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის, შეუძლებელია ამის პროგნოზირება.
წყლის კომპონენტთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში, ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა, რადგან გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ მატება ან კლება. ეს მთავარი კომპონენტია და ამაში გავერკვიე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა თქვენი მხრიდან. აღმოჩნდა, რომ რა სისტემაც არ უნდა ყოფილიყო დაყენებული, ამ კომპონენტში თუ ვერ დაფიქსირდებოდა რაიმე ცვლილება, ანალიზი შეუძლებელი იყო. შესაბამისად, რაიმე საფრთხის აცილება, ევაკუაცია ან რასაც თქვენ საუბრობთ და ატყუებთ საზოგადოებას, იყო შეუძლებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.