სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია აყვეს "ნაციონალური მოძრაობის" ამ პოლიტიკას და დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან ერთად არ არის ძმათა სასაფლაოზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით "მანიპულაცია" არასწორია.
"მანიპულაცია თარიღებით, არის რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი, ჩვენ გვახსოვს, რომ სახელმწიფო 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას.
სწორედ მას შემდეგ, რაც ყველა სახელისუფლო შტო და ბერკეტი დაკარგეს [ნაციონალურმა მოძრაობამ] მათ გადაწყვიტეს, რატომღაც, ეს მათ უნდა ჰკითხოთ რა მოხდა მათ გონებაში ასეთი, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე.
ეს გასაგებიც არის. ამის პასუხი ძალიან მარტივია, ამის პასუხი არის თავად "ნაციონალური მოძრაობის" არსსა და მიზანში. მათი არსი არის გახლეჩა, მათი მიზანი არის დაპირისპირება საზოგადოებაში და ზიზღის დათესვა საზოგადოებაში, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია აყვეს "ნაციონალური მოძრაობის" ამ პოლიტიკას და დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან ერთად არ არის ძმათა სასაფლაოზე", - თქვა პაპუაშვილმა.