ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და მით უმეტეს უცხოური მეურვეობა, ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და იცავენ მხოლოდ მათსავე ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პაპუაშვილის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე ძირითადად „ნაცმოძრაობის“ აქტივი იყო.
„მათ შორის, აანონსებდნენ, რომ იქნებოდნენ სტუდენტები, თუმცა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელები იყვნენ. იმ აქციაზე 100-200 ადამიანი იყო, რაც საზოგადოებაში არსებულ განწყობას არ განასახიერებს. მანიპულაციაა, როცა საუბარია, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. ამის თქმა 150 აქტივისტის მიერ ჩვეულებრივი მანიპულაციაა. უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი განცხადება არის სახიფათო გზა, როცა საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით.
ქართველ ხალხს მეურვე არ სჭირდება, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა. ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუ ვინმეს ინტერესს იცავენ, მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ არის უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, ეს არის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, როცა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ფაქტები გვაქვს ქართველი ხალხის სახელით საუბრის. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და უცხოელი დამხმარე სჭირდება, რომ მისი აზრები გააჟღეროს.
ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს დემოკრატიული არჩევნებით ირჩევს. შესაბამისად, ქართველი ხალხის ინტერესებით დემოკრატიული ხელისუფლება მოქმედებს. ვფიქრობ, გემის შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რომ ის ისტერია შევაფასოთ, რომელსაც ხელოვნურად ტეხენ „ნაცმოძრაობა“ და მათი უცხოელი მფარველები. როცა ასეთი ისტერიის მხარდაჭერა ხდება, ეს ახალისებს ისტერიას, ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმას. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ისტერიის წახალისება არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.