ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას ხელს შეუწყობს, არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ეროვნული უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევა, რადგან ამან შეიძლება მარტო დაგვტოვოს რუსეთის წინაშე.
მისი თქმით, ილუზია, რომ ჩინეთთან კავშირები რუსული აგრესიისგან დაგვიცავს, ან თავის მოტყუებაა, ან საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„ამ ტექსტში, რასაც ხელი მოაწერა საქართველომ, არის პირდაპირ ის ნაწილიც, რითიც სამწუხაროდ ჩინეთი ამართლებდა და ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, თითქოს საერთო უსაფრთხოების წუხილი არსებობს და რუსეთს უფლება აქვს, რომ თავს დაესხას სხვას, თუ წუხილები გაუჩნდა. ეს პოტენციურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამართლებაცაა.
ასევე საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული შეთანხმება აშშ-სთან 5G კავშირებთან მიმართებით, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ მხოლოდ სანდო პარტნიორებთან უნდა ითანამშრომლოს საქართველომ. ეს ვალდებულება ჩვენმა ქვეყანამ თვითონ აიღო და თუ ირღვევა, ეს უკვე საქართველოს თავისუფალი სამყაროდან იზოლირების კონკრეტული განაცხადია“ - თქვა გიგა ბოკერიამ.