საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგ რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.
31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.
რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი უკვე დატოვეს. ადგილზე აქცია გრძელდება. შსს-ი ინფორმაციით, დაკავებულია 9 ადამიანი.