ომი ნელ-ნელა ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე და ეს ბუნებრივი და სამართლიანი პროცესია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„რუსეთის აგრესიამ ბრძოლის ველზე მარცხი განიცადა. დღეს 522-ე დღეა, რაც გრძელდება ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ვარაუდით, ერთ-ორ კვირას უნდა გაგრძელებულიყო.
უკრაინა ძლიერდება. ნელ-ნელა ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებთან და სამხედრო ბაზებთან და ეს გარდაუვალია, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა გაითვალისწინონ, რომ მომავალ ზამთარს რუსმა ტერორისტებმა შესაძლოა, კიდევ დაარტყან უკრაინის ენერგეტიკას, კრიტიკულ ობიექტებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთელ ქვეყანაში სწორედ ახლა ზაფხულში და სექტემბერში მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ იმისთვის, თუ რისი გაკეთება შეიძლება წლის ცივ თვეების დადგომამდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.