15 აგვისტოდან მოყოლებული დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ქართველი, მართლა გმირი მებრძოლი და ოფიცერი დააპატიმრეს, ხოლო სამი ადამიანი – როინ შავაძე, დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა – უბრალოდ გაიყვანეს და დახვრიტეს, ისინი საქართველოს ემსახურებოდნენ და ყოველგვარი ბრალის გარეშე დახვრიტეს, შავაძე კი უსასტიკესად აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა დღეს ყოფილი თუ მოქმედი „ნაცები“ ცდილობენ ამ დანაშაულის გამართლებას და ამის მკაფიო დადასტურება იყო ის განცხადება, რომელიც დავით დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა და რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება შეხვდა „ნაცების“ მხრიდან, თითქოს როინ შავაძე იყო მოღალატე და მოღალატეს სწორედ ასე უნდა მოექცეს ადამიანი“, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ისევ იმ აზრზე არიან, რომ შეიძლება, ადამიანი აწამო.
„ისინი რჩებიან ისევ იქ, სადაც იყვნენ რომ ადამიანი უნდა აწამო, ციხეები უნდა გაავსო ადამიანებით, უნდა გააუპატიურო და აწამო ისინი, უკანონოდ დახვრიტო ის ადამიანები, ვინც არ მოგწონს, ამით უნდათ ისევ ხელისუფლებაში მოსვლა. არ იცვლებიან ეს ადამიანები. ძალიან ცუდია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ამას არ ხედავენ და ვერ ხედავენ, რადგან არ უნდათ ამის დანახვა, თუმცა ხალხმა ყველაფერს მისცა შეფასება. როინ შავაძესთან დაკავშირებით მართალია ძალიან გვიან, მაგრამ მართლმსაჯულება აღსრულდა, ბოლომდე ვერა, რადგან დამკვეთები არ არიან ცნობილი, არ არიან დასჯილები. ვინ არიან დამკვეთები? – ბუნებრივია, რომ მსგავსი საქმეები მთელი ვერტიკალის გარეშე ვერ ხვდებოდა: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი – მათ გარეშე ასეთი საქმეები არ წყდებოდა, სწორედ ესენი არიან დამკვეთები და ადრე თუ გვიან მივა საქმე ამ დაკვეთებამდეც. თუმცა, ამ შემთხვევაში მაინც კარგია, რომ რვა ადამიანი არის დაპატიმრებული და ორზე ძებნაა გამოცხადებული“, – განაცხადა სუბარმა.