რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში „დასავლეთმა დაიწყო“ მისი თქმით, სწორედ დასავლეთმა “დაიწყო ნატო-ში უკრაინის შეყვანა“, იმ დროს, როდესაც რუსეთისთვის უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს „პრინციპული მნიშვნელობა აქვს“. ამის შესახებ პუტინმა „რუსეთი-აფრიკის“ სამიტის ფარგლებში აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხზე უნდა ემსჯელათ.
პუტინის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მზად არის მშვიდობისთვის. ამის მაგალითად მან გასული წლის გაზფხულზე კიევიდან რუსული ჯარის უკან დახევა მოიყვანა.
„ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო ამ ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ კიევის მისადგომებიდან ჩვენი ჯარის უკან დახევის შემდეგ, ჩვენ გვთხოვეს ამის გაკეთება, რათა შეგვექმნა პირობები საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა წინა შეთანხმებაზე“, - განაცხადა პუტინმა. მას არ დაუკონკრეტებია ვინ „სთხოვა“ რუსეთს ჯარების გაყვანა.
„რა თქმა უნდა, მე ახლა ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, თუ რაზე შევთანხმდით, სავარაუდოდ, ეს არაკორექტული იქნება“, - დასძინა პუტინმა.