29 ივლისს საკრუიზო გემი Astoria Grande კვლავ გამოვა სოჭიდან და ბათუმში გაჩერდება. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობენ. ისინი გემის სცენაზე წარდგებიან. ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.
საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს შემოვა.
არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პატრიოტულ მარათონში "Zа Россию", რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის ხელისუფლებამ მას სანქციები დაუწესა.
ფომინს უკრაინაში შესვლა აეკრძალა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ ყირიმი რუსეთის ეკუთვნის.
ამასთან, ფომინმა თქვა, რომ ის მზად არის ფრონტის ხაზზე ექიმად წავიდეს.
კრუიზის მონაწილეებს შორის არის ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი Те100стерон.
27 ივლისს ჯგუფი ოლეგ გაზმანოვის ვაჟთან, როდიონ გაზმანოვთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში კონცერტზე გამოვიდა. მსმენელები სამხედრო ჰოსპიტალის პაციენტები იყვნენ. ჰოსპიტალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
კრუიზზე ასევე იქნება დმიტრი კოლდუნი, რომელიც 2007 წელს ბელარუსის სახელით ევროვიზიაზე წარდგა. მანამდე, მან მოიგო რუსული პროექტი -ვარსკვლავების ფაბრიკა.
2018 წელს მომღერალმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩაატარა კონცერტი.
27 ივლისს ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.