„თეგეტა ჰოლდინგმა“ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა. მინისტრმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან ერთად, ბრიტანული ბრენდის JCB-ს ქართული წარმომადგენლობა დაათვალიერა. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს JCB-ს შოურუმი, სერვისცენტრი და ტექნიკა დაათვალიერებინეს. ასევე საქმიან შეხვედრაზე განიხილეს „თეგეტასა“ და JCB თანამშრომლობის გამოცდილება და მომავალში წარმომადგენლობის გაფართოების პერსპექტივები.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრებს ვუმასპინძლეთ. ბრიტანულ ბრენდ JCB-ს წლებია, საქართველოსა და რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ. საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ექსპორტის საკითხებში, სწორედ თეგეტასა და JCB-ს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის შედეგები, რაც 2007 წლიდან ბრიტანული ბრენდის საქართველოსა და რეგიონის წარმომადგენლობებში მივაღწიეთ. შეხვედრაზე აქცენტი რეგიონულ გაფართოებასა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა“.
ლორდ მალკომ ოფორდი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდების ექსპორტიორი კომპანიების მონახულება და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა.
„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდის JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბაქოში, JCB-ს მულტიფუნქციური ცენტრი „თეგეტამ“ გასულ წელს გახსნა. სომხეთის დედაქალაქში კი მასშტაბური სადილერო ერთი თვის წინ გაიხსნა. ახალი ცენტრები „თეგეტას“ და JCB-ს სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ჯამში ორ მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
JCB ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ლიდერი ბრენდია, რომელსაც წარმოების 75-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და სპეცტექნიკას გაყიდვის შემდგომი სრული მომსახურებით.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.