საკმაოდ რთული და სისტემური ფორმა მიიღო პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისითქმით, სამედიცინო პერსონალისგან მოდის სიგნალები, რომ შიშობენ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ.
მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
სოფო ჯაფარიძე მიმართავს სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება.
“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საბრძოლო განწყობა არის უცვლელი. ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, იმ განუკითხაობასთან ბრძოლას, რაც გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ და რაც მართლაც რომ წარმოუდგენელია.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საკმაოდ რთული და სისტემური ფორმა მიიღო სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოდის სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები იმის შესახებ, რომ ისინი შიშობენ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რადგან შეუძლებელია ამ ყველაფერს ვუყუროთ მშვიდად“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.