რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა და ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს - ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2004-2012 წლები, მათ შორის 2008 წელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა ბათუმში საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხებოდა.
„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომის დროს აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა და ყველაფერთან ერთად, ჩვენ ეს წარსულს ჩავაბარეთ. იგივე ადამიანები ოპოზიციის რიგებიდან ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა დააბრუნონ და ქვეყანას პრობლემა შეუქმნან, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა - ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.