ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინვესტიციო გეგმის განხორციელებისა და მომდევნო ექსპლუატაციის შესახებ რატიფიცირება მოახდინა.
შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ე.წ. პარლამენტის 30-მა წევრმა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. დოკუმენტი შემუშავებული იყო საოკუპაციო რეჟიმის იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის უწყებებთან ერთად.
აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. შეთანხმება არეგულირებს აეროპორტში რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხებს და ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია, ამასთან 25 წელი იმოქმედებს განსაკუთებული საგადასახადო რეჟიმი.
ალხას ბარციცის თქმით, აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა დარჩება „სახელმწიფო საკუთრებაში“ და სარგებლობაში გადაეცემა ინვესტორს. აეროპორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროსადგური ძველი შენობა, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს, გადაეცემა ინვესტორს საკუთრებაში.
მისივე თქმით, უკვე არის ორი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია პროექტით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას, სპეციალური კომისია მიიღებს.