ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ იყვნენ თანაგუნდელები, დღეს ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებას. ნიკა მელიამ თქვა: „რა უნდა კეზერაშვილს, მერაბიშვილს, ზაზა გორიზიას?. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იმიტომ იბრძვის, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო".
დავით კირკიტაძის თქმით, მელიას მიერ დასახელებული ადამიანები მისი თავმჯდომარეობის დროსაც არსებობდნენ.
"ამასთან დაკავშირებით არ მინდა ზედმეტი კომენტარი გავაკეთო. დრო ყველაფერს გამოაჩენს და ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ იყვნენ თანაგუნდელები, დღეს ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ. ეს სახელები და გვარები, რომლებზეც მან ისაუბრა დღეს ხომ არ გაჩენილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და ეს ადამიანები იყვნენ მაშინაც,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.