საქართველო კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება, იქნება დამოუკიდებელი, ამაყი და განვითარებული, რომელიც თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით უზრუნველყოფს ამ სიამაყეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
„აშშ-ში მოქმედმა „რუსულმა კანონმა“, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით, მთლიანად გააშიშვლა „ნაცმოძრაობისა“ და მათი პატრონების გეგმები. არცერთი ის წინადადება, რომელიც ამ კანონის თანახმად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, ჩვენ არ მოგვიფიქრებია. პირიქით, ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო საქართველოს დამაზიანებელი პოლიტიკის ფონზე ასეთი ლუსტრაცია, რაც „ფარა“-ს მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებამა ამხილა. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს დასანქცირება უნდოდათ და ქვეყნის წინააღმდეგ უკვეთავდნენ სანქციებს. ასევე, კამპანიები, რომლებიც დაორგანიზებული იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ, იყო დაფინანსებული და დაორგანიზებული.
მათ საქართველოსგან კამიკაძე სჭირდებათ. ჩვენ ამ ქვეყნისგან გვჭირდება ამაყი, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა ამაყი ხალხით, რომელსაც ასე მარტივად ვერ მოერევიან და ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით მიიღება. ჩვენი ქვეყანა ასეთი იქნება და არა ის, რომ ვისაც მოუნდება, მსოფლიოში რაც არ უნდა გავლენიანი იყოს, დააწკაპუნებს და ქვეყანა ომში ჩაერთვება. ასევე თითს დააწკაპუნებს, მის აგენტურას მიუთითებს და ქვეყანა იმას გააკეთებს, რაც მას და მის ხალხს შეიძლება, არ სჭირდებოდეს, მაგრამ რაღაც სხვა დიდ ინტერესს სჭირდებოდეს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ეს ინტერესი სიკარგისკენ მიდიოდეს, მაგრამ ამ ქვეყნის განადგურების ფონზე ჩვენ არ ვაპირებთ, რაღაც სხვა ინტერესებს ვემსახუროთ. ჩვენი ოპონენტები, დავალებების შემსრულებლები სხვა ინტერესებს ემსახურებიან. ეს ქვეყანა კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება, იქნება ამაყი, განვითარებული, დამოუკიდებელი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით სწორედ ამ სიამაყეს უზრუნველყოფს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.