აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან ვერ მიაღწია მიზნებს, რომლებიც აგრესორ ქვეყანას სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ჰქონდა დასახული. ამის შესახებ ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მიზანი იყო უკრაინის მსოფლიო რუკიდან გაქრობა, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განადგურება, რუსეთისადმი დამორჩილება. დიდი ხანია ეს უკვე ჩაიშალა“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, თავიანთი მომავლისთვის, ქვეყნისთვის და თავისუფლებისათვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ტერიტორიების ნახევარი უკვე დაიბრუნა, რომლებიც რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჰქონდა ოკუპირებული.