უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიმართა წინადადებით, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.
„ვისაუბრეთ ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციაზე, კერძოდ, შავ ზღვაში. რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. ამ რეგიონში ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის ჩაშლა ნიშნავს პრობლემებს მსოფლიოში ყველასთვის შესაბამისი შედეგებით. საფასო კრიზისი შესაძლო შედეგებიდან ყველაზე მცირეა.
ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ ჩვენი ნაბიჯები მარცვლეულის დერეფნის განბლოკვასთან და მისი მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადავედით – ნატო-უკრაინის საბჭოს დონეზე. ამ მექანიზმმა შესაძლოა, იმუშაოს. მივმართე იენსს ასეთი საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. ამ დღეებში შეხვედრა გაიმართება. ჩვენ შეგვიძლია შავ ზღვაში უსაფრთხოების კრიზისის გადალახვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.