ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან ნულს რომ ნული მივუმატოთ, ისევ ნულია, ერთი და მეორე პოლიტიკური ჯგუფის ელექტორალური მხარდაჭერა არის ფსკერს ქვემოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის კიდევ ერთხელ ხელმოცარული მცდელობა ორი სრულიად ხელმოცარული პოლიტიკოსის, რაღაც თითქოს, მათი ჭკუით, ღირებული შექმნან არჩევნებზე, რომელიც არის სრული ფიასკოთი განწირული, იმდენად ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ საზოგადოებაში ეჭვს აღარ იწვევს. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა ხასიათის გაერთიანებები, სხვადასხვა ფანჩატურში ამ პირების შეკრებები, ქორწინებები, მერე განქორწინებები, შემდეგ მცდელობები, საზოგადოება მოატყუონ, რადგან მთლიანად, მთელი შინაარსი ამ პოლიტიკური აქტის, თუ შეიძლება, მას ასეთი რამ დავარქვათ, არის ტყუილი, რადგან არც ერთი მხარე და არც მეორე საქართველოზე არ ფიქრობს. მათ გააჩნიათ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები, რომლებიც არ არის რეალიზებადი ჩვენს ქვეყანაში იმ არსებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნულს ქვემოთ რეიტინგიდან გამომდინარე, რომელიც, კერძოდ, ვაშაძეს გააჩნია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა და 2024 წლისთვის რა სახით წარდგებიან ისინი რეიტინგულად საზოგადოების წინაშე, ძალიან დიდი ეჭვის კითხვის ნიშანი დავუსვათ ამ საკითხს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.