უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ოდესის ინფრასტრუქტურაზე იერიშს და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას აბსოლუტური ბოროტება უწოდა და პირობა დადო, რომ რუსეთის ქმედებებს პასუხი მოჰყვება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“დღეს რუსეთმა კიდევ ორი ბავშვი მოკლა. რუსული საარტილერიო დარტყმა დონეცკის ოლქის ტორეცკის თემის დასახლება დრუჟბას წინააღმდეგ. დაიღუპა 16 წლის გოგონა და 10 წლის ბიჭი. ჩერნიჰივის ოლქი, დასახლება გონჩაროვსკოე - სარაკეტო დარტყმა. მოკლულია ორი ქალი. გრძელდება ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა. დაზიანებულია კულტურის სახლი, სკოლა, საცხოვრებელი სახლები. ვუსამძირებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს!
ასევე, დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ უტევდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რაიონებს. კვირის დასაწყისიდან ოდესის ოლქის ტერიტორიაზე რუსული ტერორის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია ასეთი დარტყმების განხორციელება. ამას პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდება უკრაინის დაცვისა და ერთობლივი ქმედებებისთვის, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ენერგია გამარჯვებისათვის, უფრო მეტად გაიზრდება სწრაფვა სამართლიანობისათვის, ყველა დანაშაულისთვის რუსეთის სამართლიანი დასჯისთვის.
რუსი ოკუპანტები დღეს, სამი საათის განმავლობაში საარტილერიო დარტყმებით უტევდნენ დასახლება დრუჟბას. ერთ-ერთი ჭურვი ჩავარდა ეზოში, სადაც და-ძმა იმყოფებოდა. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.
იმავე სოფელში რუსი ოკუპანტების საარტილერო თავდასხმის შედეგად დაშავდა ხანდაზმული ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.