საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ეს დღე აცოცხლებს იმ მოგონებებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ომთან და გვაფიქრებს კიდევ ერთხელ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას.
ადამიანებმა ამ იდეისთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ჩვენი, ამ თაობის ვალია დავაფასოთ ეს სისხლი და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულია 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (4 სამხედრო, 9 მშვიდობიანი მოქალაქე).
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.
სამოქალაქო პანაშვიდს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დეპუტატები დაესწრნენ.