ვინც საჭირო იყო, ყველა ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები, მათაც ყველამ ნახა. აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომ პოლონელი ექიმების არაეთიკური ქცევის გამო, მათთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება, ამავდროულად, სააკაშვილის ოჯახს კვლავ მიეცემა მათთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა.
„ვინ არიან სხვა ექიმები, ექიმები გვყავდა აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა, უკაცრავად, რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? მე არ ვიცი, რა იგულისხმება. ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, ნახეს, აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები, მათაც ყველამ ნახა. აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დასმულ შეკითხვაზე გიული ალასნაიამ განაცხადა, რომ ძველი თემაა.
„ეგ იყო ძველი, გუშინ გამოაქვეყნეს იმათ? ლობისტები სადმე არის იქ ნახსენები? ყველა ადამიანი, რომელიც არის დაქირავებული, ამერიკელებს ვგულისხმობ, არიან ვალდებული, წარადგინონ ანგარიში, რას აპირებენ, ეს ჩამონათვალია იქ და შემდეგ რამდენად განახორციელებენ, ეს უკვე სხვა საკითხია. რაში იღებენ ფულს, ეს განცხადება იყო“, – ამბობს გიული ალასანია.