მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
გამარჯვებულების გამოსავლენად გამოცემამ ფინანსური ინსტიტუტების მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული ინიციატივების, გაუმჯობესებული და ახალი საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ანალიზი ჩაატარა. დეტალური კვლევისა და ბაზარზე არსებული ბანკების მონაცემების შედარების შედეგად კი Euromoney-ს ჟიურიმ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ბანკები გამოავლინა, რომლებიც მომხმარებელს ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო და ფინანსურ გადაწყვეტებს სთავაზობენ.
„საუკეთესო ბანკის ჯილდო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1996 წლიდან ენიჭებათ ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებიც საუკეთესოთა შორის სახელდებიან“,- ნათქვამია Euromoney-ს განცხადებაში.
საქართველოს ბანკმა ჯილდო 2022 წელს შექმნილი პროდუქტებისა და სერვისებისთვის მიიღო, რომელთა მიზანს მომხმარებელთა ყოველდღიურობის გამარტივება, ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საბანკო ოპერაციების გაციფრულების ხელშეწყობა წარმოადგენდა. აღნიშნულ ინიციატივებს შორის იყო: საქართველოს ბანკის sCoolApp-ი, მობილბანკში ისეთი თანამედროვე საბანკო გადაწყვეტების იმპლემენტაცია, როგორიცაა: ინვესტიციები და დაზღვევის მოდული, რეალურ დროში შეთავაზებების გაგზავნა, გადახდების პროცესების გამარტივება და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ყოველთვიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.2 მილიონს უტოლდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 33.3%-იანი ზრდის შედეგია.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, შექმნას ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, დაეხმარება ახალგაზრდებს, მიიღონ ფინანსური განათლება და ჩამოიყალიბონ ეკონომიკური აზროვნება, რაც მომავალში მათი მხრიდან ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს. ჩვენი გადაწყვეტების ეფექტურობაზე მუდმივად მზარდი მომხმარებლების რაოდენობა მეტყველებს. მაგალითად, ჩვენს BOG ScoolApp-ზე 65 000-ზე მეტი მოსწავლე არის დარეგისტრირებული და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების გავლენიანი გამოცემის, Euromoney-ს მიერ აღიარება კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, ახალი, ინოვაციური სერვისების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ახალი, თანამედროვე პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.