რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისი ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაანადგურებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო AFP-ს განუცხადა.
„ჩვენთვის კომპრომისი არ არსებობს, იმიტომ რომ რუსეთს ჩვენ ვძულვართ, ის მოვიდა უკრაინის სახელმწიფოს კონცეფციის გასანადგურებლად. კომპომისი ასე თუ ისე გამოიწვევს უკრაინისა და მისი სახელმწიფოებრიობის ნელ დაკარგვას და საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს.
„ეჭვს გარეშეა, ეს ოპერაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი იქნება და დიდ დროის წაიღებს. მაგრამ ამასთან, რუსეთს არ აქვს რესურსები, მაგალითად, იმისთვის, რომ ინიციატივა ხელში აიღოს. ეს უკვე ცხადია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ უკრაინის სამხრეთითა და აღმოსავლეთით დაკავებული პოზიციებიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი დაჩქარდეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ დამატებით 300 ერთეული ჯავშანტექნიკა და ათობით F-16 ტიპის გამანადგურებელი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ჯავშანტექნიკა - უპირველეს ყოვლისა ორი-სამი ასეული ტანკი, გვჭირდება F-16 ტიპის 60-80 თვითმფრინავი, რათა კარგად დავხუროთ ცა, განსაკუთრებით ფრონტის ხაზის რაიონში“, - განაცხადა პოდოლიაკმა.