ჩვენთვის გაუგებარია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადება, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თაობაზე აღნიშნა.
მისი თქმით, სწორედ კარგი თანამშრომლობის პრინციპებიდან გამომდინარე იყო ის ნაბიჯი, რომ საქართველო დათანხმდა პოლონელი ექიმების შესვლას მიხეილ სააკაშვილთან
„მე ვერ შევაფასებდი ასევე მათ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა ამ ვიზიტის დროს, რაც ნამდვილად იყო დამაბნეველი და მიუთითებდა, რომ აქ არანაირი კეთილი განზრახვები არ იყო. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი განცხადება, როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს“.