ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის დარღვევაა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, როცა იბომბებოდა და ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას, გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის, თუ ეტიკეტის დარღვევაა, როცა უკრაინამ თბილისში ვითომ კონსულტაციებისთვის გამოაგზავნა საქართველოს ელჩი, რომელიც დაბომბვების დროს, ბოლო წუთამდე კიევში იმყოფებოდა.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მხოლოდ საქართველოდან გაიწვია ელჩი, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები, დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას.
„ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო, მაშინ, როცა მე აღარ ჩამოვთლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის პოზიციას იჭერდნენ, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის, თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევაა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.