უკრაინა იყო დაინტერესებული, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. მჯერა, მათი ანგაჟირებულობა მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას გუშინდელ განცხადებაზე, სადაც არახამიამ აღნიშნა: „სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში. ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაოთ, რომ ევროპის რაც შეიძლება მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინააღმდეგ“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათი მოტივაცია გასაგებია.
„გასაგებია მათი მოტივაცია, ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ კონკრეტული გამოვლინებები, მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.