რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე არ ჩავა. მის ნაცვლად, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა.
განცხადების თანახმად, პუტინი სამიტს საერთო და შეთანხმებული გადაწყვეტილებით არ დაესწრება.
მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ თხოვნით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ქვეყნისთვის უფლება მიეცათ, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში, პუტინი არ დაეპატიმრებინათ, რადგანც ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.
"რუსეთთან ომში ჩართვის გარისკვა ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება". - დასძინა პრეზიდენტმა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა.
როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და შესაბამისად, პუტინის სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა.
BRICS-ის სამიტს, რომლის წევრებიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აგვისტოში უმასპინძლებს.