ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი რუსეთის მოქალაქების მიერ საქართველოს საღზვრის კვეთის სტატისტიკას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პირველ კვარტალში საქართველოს საზღვარი რუსეთის 300 000-მდე, ხოლო მეორე კვარტალში 443 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა.
როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, წესიერი ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ხორციელდებოდეს მტრული სახელმწიფოს საზღვრის კონტროლი.
„უნდა კონტროლდებოდეს და იფილტრებოდეს, თუ ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პუტინისტებს და იმ ადამიანებს, ვინც კრემლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვერტიკალთან არიან დაკავშირებული არ უნდა ვუშვებდეთ.
თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ ოცნებაზე, რომელიც არა თუ არ ახდენს პუტინისტების კონტროლს, არამედ თავად ეწევა ღიად კრემლისტურ-კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას. სწორედ ამიტომ არის ეს ხელისუფლება შესაცვლელი, რომ საზღვრის სწორი კონტროლი და ნაკადების ეფექტური ფილტრაცია განხორციელდეს“ - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.