ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა „ვივამედში“ ბინადრობს, პრეზიდენტობისასაც და პრეზიდენტობის შემდეგაც, უარი თქვა რა საკუთარ სამშობლოზე, მუშაობდა და მუშაობს ქართველი ხალხისა და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
მისი თქმით, დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი ფულია გადახდილი.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყების მიერ გამოქვეყნდა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ყველას უკვე კარგად გვახსოვს და ვიცით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს კანონი, ლობისტური საქმიანობისა და სხვადასხვა ფინანსური დონაციების გამჭვირვალობის შესახებ. სწორედ, ასეთი კანონის მიღება გვინდოდა ჩვენ, რომელიც მოინათლა „რუსულ კანონად“ და ვერ იქნა სამწუხაროდ მიღებული. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ხელიდან გაშვებული უზარმაზარი შანსი. რომ არ ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი კანონი, ჩვენ ვერ გავიგებდით დღეს იმას, რაც გავიგეთ.
გავიგეთ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, მის ხალხს, მის მთავრობას აკრიტიკებს ყოფილა დაკვეთილი და ამაში ფული ყოფილა გადახდილი. ასევე გავიგეთ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი ფულია გადახდილი, რომ თურმე სოციალურ ქსელების, რომელიც ახალი ტიპის მედიაა თანამედროვე დროის და ასევე ტრადიციულ მედიაში სტატიები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და სააკაშვილის სასარგებლოდ არის დაწერილი, ესეც ნაყიდი ყოფილა. რაც ასევე ძალიან შემაწუხებელია და არის დიდი სკანდალი, რომლის მიჩუმათებაც და გაუბრალოებაც დარწმუნებული ვარ, პირველივე წუთებიდან დაიწყება, დადასტურდა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა იხდიდა ფულს და ჯერ მადლობა ღმერთს, რომ ამას ვერ მიაღწია. ფულს იხდიდა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი პირების მიმართ ზეწოლის განხორციელებაში, რომ მათ დაეწესებინათ ჩვენი ხალხისთვის სანქციები და ასევე დიდ ბრიტანეთში, რომ მათაც იგივე გაეკეთებინათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ეს არის მათი სახე, როდესაც ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ, ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა „ვივამედში“ ბინადრობს, პრეზიდენტობისასაც და პრეზიდენტობის შემდეგაც, უარი თქვა რა საკუთარ სამშობლოზე, მუშაობდა და მუშაობს ქართველი ხალხისა და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.