აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს.
კომპანია „აკერმანის“ დეკლარაციაში აღნიშნულია შემდეგი აქტივობები:
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანტებთან;
ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება;
საკონფერენციო ზარი „როიტერთან“ ლობირებისა და დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით;
მასიმო დ’ანჯელოს ინტერვიუ CNN-თან;
კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად;
სააკაშვილის სიტუაციის შესახებ სტატიის მომზადება;
კომუნიკაცია ქართული პოლიციის მიერ სააკაშვილის წამების ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის გავრცელებისთვის;
კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანის, ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით;
კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლისთვის მასალების გადაცემის მიზნით;
მუშაობის გაგრძელება მაგნიტსკის სიისთვის ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით და მასალების გეგმური გავრცელება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არჩეულ ჩინოვნიკებთან, მათ შორის სენატორ ჯეიმს რიშთან.
ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში;
მუშაობის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საქართველოში სასამართლოებში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის მუშაობა ამ პროცესების სამართლებრივ დოკუმენტებზე და მასთან დაკავშირებულ მედიაგაშუქებაზე;
კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან და მცდელობა, დაერწმუნებინათ ენტონი ბლინკენი და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი გაეტარებინათ სანქციები საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ;
კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს თანამდებობის პირებთან თბილისში, საქართველოში და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა მიეცათ პოლონელი ექიმებისთვის უფლება, ემკურნალათ სააკაშვილისთვის;
ნიუ იორკში ვიზიტის დროს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის მოწყობის მცდელობა, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით;
ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება“, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
„აკერმანის“ დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, 2023 წლის 7 მარტს სატელეფონო კავშირი განხორციელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან, რა დროსაც განიხილეს და მოითხოვეს დახმარება, მათ შორის, წერილების გაგზავნის ფორმით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლთან, სააკაშვილის ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
რაც შეეხება „ჯიპი ინთერნეშენალის“ საქმიანობას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უზრუნველყო სტრატეგიული კონსულტაცია, სტრატეგიული კომუნიკაციები და საინფორმაციო საქმიანობა გიული ალასანიას მხარდასაჭერად, მიხეილ სააკაშვილისა და მისი იურიდიული გუნდის სახელით, სააკაშვილის ჯანმრთელობის სტატუსთან დაკავშირებით მეტი ინფორმირების მიზნით და ყოფილი პრეზიდენტის ჰუმანიტარული თუ სამართლებრივი საბაბით გასათავისუფლებლად მხარდაჭერის მოპოვებისთვის.
„სამუშაო მოიცავდა აშშ-ისა და საერთაშორისო მედიის ჩართულობასა და მონიტორინგს, თემების შემუშავებას განხილვებისთვის, მედიაინტერვიუების ორგანიზებასა და დროდადრო მედიაში განცხადებების გავრცელებას. კომპანია ასევე პერიოდულად, რთავდა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ანალიტიკური ცენტრები, მესამე მხარის ლიდერები და ინფლუენსერები. დამატებით, კომპანია ასევე რეკომენდაციას გასცემდა, თუ რომელი დაინტერესებული მხარე ჩაერთოთ კონგრესთან, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან“, – ნათქვამია „ჯიპი ინთერნეშენალის“ დეკლარაციაში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, კომპანია „ჯიპი ინთერნეშენალის“ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის გადახდილია 96 ათას 393 ამერიკული დოლარი. თანხის გადამრიცხავებს შორის არიან გიული ალასანია, თემურ ალასანია და კომპანია „აკერმანი“. მათგან ყველაზე მსხვილი გადარიცხვა თემურ ალასანიამ განახორციელა თითქმის 32 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამასთან, კომპანია „აკერმანის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო ლობისტური საქმიანობისთვის თემურ ალასანიასგან, საერთო ჯამში, 75 ათას 451 დოლარი მიიღეს. {საქართველოს პირველი არხი}