პოლონელი ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო-სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რატი ბრეგაძეს ჰკითხეს: „კადრები ნანახი გაქვთ, ხედავდა თუ არა სააკაშვილი, რომ მისი ნიმუშების მოპარვა ხდებოდა?“ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეულ დეტალებზე არ ისაუბრებს.
„მე რა დავინახე, ამას არ აქვს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა. მე რომ მდომოდა ამის შესახებ საუბარი და მდომოდა, ეს ინფორმაცია გამხდარიყო საჯარო, მაშინ ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს, ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, პოლონელმა ექიმმა ნამდვილად დაადასტურა, რომ წინდის მეშვეობით ცდილობდა მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას.
„რა შეიძლებოდა, განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით. ჩვენ დავრჩით ჩვენ მიერ გაცემული პირობის ერთგული, თუმცა მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება ამიერიდან განხილული.
ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინიტროს, რომ მოესმინათ პოლონეთის საელჩოდან მიეღოთ ინფორმაცია. როგორც იცით, დღეს იმყოფებოდა საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამინისტროში და შემდგომში როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პოლონელი დიპლომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის მსგავს ქცევას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.