ქართული ლიტერატურის „ოქროს ფონდს“ დაარსებიდან 10 წელი უსრულდება. დღეისათვის ფონდში 150 მწერლის 1500-ზე მეტი ვიდეოა ატვირთული და ის ქართული მწერლობის მემატიანის ფუნქციას ასრულებს.
პროექტის ავტორი თემურ ჭუმბურიძე, ამბობს, რომ „ოქროს ფონდმა“, რომელიც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ბაზაზე 2012 წელს დაფუძნდა, თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც თავად ავტორებში, ასევე საზოგადოების მხრიდან.
„პროექტის შექმნის მიზანი იყო და დღესაც არის, ქართული მწერლობის პოპულარიზაცია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მსმენელისთვის, ავტორის მიერ წაკითხული ლექსი, ან პროზაული ნაწარმოები გადმოსცემს ზუსტად იმ ემოციას, რომელიც ავტორმა ჩადო მასში. სწორედ ეს იყო მიზანი, რის გამოც პროექტი შეიქმნა.
არის კიდევ ერთი საკითხი, როგორიც არის ხელმისაწვდომობა. ვებგვერდი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტითვის 10 წლის წინ შეიქმნა, ყველასათვის ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არაკომერციულია, შევძელით პროექტს არსებობა განეგრძო. ოქროს ფონდის საშუალებით, შევძელით ჩაგვეწერა ქართული მწერლობის ბრწყინვალე წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, თუმცა ფონდმა მათი ხმის გადარჩენა შეძლო და ზოგიერთ შემთხვევაში, ერთადერთ საარქივო მასალას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ თუნდაც 1 შემთხვევა, რომ ფონდმა შეძლო ერთი მწერლის ხმისა და ვიზუალის ვიდეოფორმატში გადარჩენა, ეს ნიშნავს, რომ ის თავის ფუნქციას ასრულებს“, - ამბობს თემურ ჭუმბურიძე და აღნიშნავს, რომ ეს არის პროექტი, რომელიც არასდროს უნდა დასრულდეს და ყოველი ათეული წლის თავზე კიდევ უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი არქივი შექმნას.
პროექტის ამოქმედებისთანავე, მის განხორციელებაში ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკა. ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ პროექტს ბიბილითეკის დარბაზი შესზთავაზა, სადაც მიმდინარეობდა ჩაწერები.
„ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ჩემი აზრით, ადამიანს ბავშვობიდანვე ასმენინო ლექსები. ეს მუსკია დაილექება მისი არაცნობიერის ფსკერზე და მერე წამოტივტივდება. იმიტომ, რომ მუსიკა მარტო ლექსში არ არის, ყველაზე პროზაულ პროზაშიც არის მუსიკა. თუ ბავშვმა ეს იგრძნო მე-6 თუ მე-10 გრძნობით, მისგან უსათუოდ ან პოეტი დადგება, ან პოეზიის მოყვარული და არა პრაგმატისტი მომხარებელი. ამიტომ როცა ამ პროექტის სახით, ამის საშუალება არსებობს, ვფიქრობ ეს უკვე დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა“, - ამბობს პოეტი ლია სტურუა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილეა.
„ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. უნიკალურია იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ თავს იყრის ქართული მწერლობის, ასე ვთქვათ, ცოცხალი შესრულება, არამედ ადვილად ხელმისაწვდომია თოთოეული ადამიანისთვის. ამგვარი პროექტი, შესაძლოა, გახდეს თუნდაც ერთი პატარა მიზეზი, რომელიც ადამიანებს დაახლოებს პოეზიასთან, ლიტერატურასთან. ამასთანავე, პოეტს დიდი პასუხიმგებლობას გაკისრებს, როცა არჩევ ლექსს ამ ფონდისთვის“, - ამბობს პოეტი ბელა ჩეკურიშვილი.
ეკატერინე მომცელიძე