არ მქონია კონტაქტი პოლონელ ექიმებთან, არც საელჩოსთან, ტელევიზორით რაც ვნახე, არანაირი შთაბეჭდილება არ შემიქმნა, ყველას შეიძლება, სადღაც რაღაც გვედოს, ვინ თქვა, რომ ბიოლოგიური მასალა იყო? ქაღალდი ცარიელი ჩანდა. მაშინ ეს ყველაფერი დასაბუთებულად უნდა გვაჩვენონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა
მან კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ 14 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილა ამ თემაზე არაფერი იცის.
„არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია არავისგან, რადგან საერთოდ არ მქონია კონტაქტი არც პოლონელებთან, არც საელჩოსთან. ვიცი მხოლოდ ის, რაც ვნახე ტელევიზორით და ვერაფერს ვიტყვი. რაც ვნახე, იმან არანაირი შთაბეჭდილება არ შემიქმნა. ყველას შეიძლება რაღაცა გვედოს სადღაც რაღაცისთვის. ვინ თქვა, რომ ბიოლოგიური მასალა იყო? მე არ მომისმენია. მე დავინახე, ქაღალდი გაიშალა და ის ქაღალდი ჩანდა ცარიელი, მეტი არაფერი ჩანდა და რა ბიოლოგიური მასალა? მაშინ ეს ყველაფერი დასაბუთებულად უნდა გვაჩვენონ. მე ეს ვერ დავინახე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.